შეზღუდვები სადღესასწაულო დღეებში 

3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეზღუდვა არ შეეხება. სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება. მათ შორის, ტაძრებთან უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი. გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, პირველ მაისს, 21:00-05:00 საათის ნაცვლად, იმოქმედებს 23:00-04:00 საათამდე. როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებადაა გამოცხადებული. შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს.