შეზღუდვები საავტომობილო მაგისტრალებზე

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის მონაკვეთზე. დიზი-უშგულის მონაკვეთზე კი მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

თოვისა და ლიპყინულის გამო, შეზღუდვები დაწესდა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, სადაც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. მსგავსი შეზღუდვა მოქმედებს ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე. ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კი კლდის მასის ჩამოშლის გამო, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი იმისთვის, რომ ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს. რთული ხილვადობის, ლიპყინულის და ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით ავტომაგისტრალზე მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაც აიკრძალა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. მძიმე ტექნიკის საშუალებით კი გზებზე იყრება ტექნიკური მარილი, რათა დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ მაინც აღდგეს.