შეზღუდვები დავით გარეჯის კომპლექსში

დილიდან კვლავ შეზღუდვებია დაწესებული დავით გარეჯის კომპლექსში. სასულიერო პირების ინფორმაციით, ქართველმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან და ჩიჩხიტურის კოშკთან მისასვლელი ბილიკები გადაკეტეს, მიზეზად კი სადავო ტერიტორიაზე ქართული და აზერბაიჯანული კომისიების მიმდინარე შეხვედრა სახელდება, სადაც შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზებზე მსჯელობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად მესაზღვრეებს შორის მოლაპარაკების ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, ადგილზე საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები დილით ვერტმფრენებით მივიდნენ.

ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია მედიისთვისაც. სასულიერო პირების განცხადებით, ხელისუფლებამ მოლაპარაკებისას პრინციპული პოზიცია უნდა დააფიქსიროს, რადგან მათი თქმით, საბჭოთა რუკებზე ბერთუბანის გარდა, სხვა ყველა მონასტერი საქართველოს შემადგენლობაშია.

დავით გარეჯში იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებიც. ადგილზე ხვალისთვის საპროტესტო აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მოქალაქეების მხრიდან.