შეწყვეტილი სასწავლო პროცესი 

18:13, 18.09.2026

ავარიულობის მიზეზით – ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. მოსწავლეთა მშობლებმა აქციები გამართეს, როგორც თბილისის 21 სკოლასთან, ასევე მისაქციელის სასწავლო დაწესებულებასთან. 21-ე სკოლის მოსწავლეების მშობლების პროტესტის მიზეზი, მოკლეტექსტური შეტყობინება გახდა, საიდანაც გაიგეს, რომ შენობა ავარიულია და ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით სასწავლო პროცესი უნდა შეჩერდეს, მოსწავლეები კი სხვა სკოლებში უნდა გადაიყვანონ. მშობლების ინფორმაციით შეტყობინება სასწავლო პროცესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სკოლის დირექციისგან მიიღეს. 21-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები არ გამორიცხავენ, რომ დღის წესრიგში შესაძლოა შენობის გაყიდვის ან დანგრევის საშიშროება იდგეს. ისინი სწავლის დისტანციურად გაგრძელებაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალი ერთი კვირის განმავლობაში მოიძებნება ისეთი ალტერნატიული გამოსავალი, რომ სრულად იქნება დაცული ბავშვების ინტერესები და კმაყოფილი დარჩება სასკოლო საზოგადოება.

მსგავსი