შეწყვეტილი ომი და ვითარება სომხეთში

შეწყვეტილი ომი და გამწვავებული ვითარება სომხეთში.  ერევანში, ხვალ, 11 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე აქცია დაანონსდა. განცხადება 17 პარტიის საბჭომ გაავრცელა. წერილში აღნიშნულია, რომ მიტინგის დროს, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზე იმსჯელებენ. მანამდე კი, პარლამენტთან შეკრებილებმა ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს. დემონსტრანტები სომხეთის პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და რუსეთის ლიდერის მიერ ხელმოწერილ განცხადებაზე, ნიკოლ ფაშინიანის ხელმოწერის უკან გაწვევას ითხოვენ.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. ამის შემდეგ, ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.