შეწყალების სადავო გადაწყვეტილება

არ არის გამორიცხული, რომ ნიუ იორკიდან დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტს პროკურატურაში მოუხდეს მისვლა.

მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის შესაძლო დაკითხვას არ გამორიცხავს. გამოკითხვაზე უკვე გამოიძახეს მოკლულ იოსებ ქოიავას მამა. მისი შვილის მკვლელობისთვის ძებნილი და საქართველოში 2017 წელს ექსტრადირებული პირი ერთ-ერთია იმ პირებიდან, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს შეიწყალა.

გამოძიების კითხვებს უკვე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა, რომელიც ადვოკატებთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით შეწყალებების პროცესში კორუფციულ გარიგებებზე მიანიშნებს და ძიებას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნით დაინტერესებას სთხოვს. თუმცა დიმიტრი გაბუნია შეწყალებებთან მის შემხებლობას უარყოფს და მედიას შეწყალების დეპარტამენტთან ამისამართებს.

ირკვევა, რომ პრეზიდენტის ბოლო გადაწყვეტილების მიმართ გაბუნიას თავადაც აქვს კითხვები.