შეწყალების პოლიტიკა

პატიმრების შეწყალების გამო დაპირისპირება უკიდურესად მწვავდება პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის.
ირაკლი კობახიძის რეზონანსული განცხადების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს გიორგი მარგველაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდებს. არგუმენტად ის ბრალდებები სახელდება, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფოს მეთაურის მისამართით გააჟღერა. იგულისხმება შეწყალების აქტების დიდი რაოდენობის გამო შესაძლო კორუფციასთან და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციასთან დაკავშირებული ეჭვები. პარალელურად ავლაბრის სასახლე მმართველი გუნდისგან ბრალდების დამადასტურებელ ფაქტებს, პროკურატურისგან კი გამოძიების დაწყებას ითხოვს. თავის მხრივ შეწყალების სადავო აქტების გამო პრეზიდენტისგან განმარტებებს ელის „ქართული ოცნება“.