შეუთანხმებელი პოზიციები ოპოზიციაში

ევროპარლამენტარების მოწოდების მიუხედავად, ერთ მაგიდასთან დაჯდომა და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება.

ფაქტია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს, რასაც ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ერთმანეთს აბრალებს. მმართველი გუნდის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებს გამიჯნული სამი ოპოზიციური პარტია ხვალ არასამთავრობო სექტორთან ერთად შემუშავებული ხედვის და კონკრეტული კანონპროექტების წარმოდგენას აანონსებს. თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, დარჩება თუ არა ძალაში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის პოზიცია, რომლის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების რჩევის გამო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ცალკე არ იქნება ინიცირებული. როგორც დღეს ირკვევა, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მმართველი პარტიის პოზიცია ცნობილია – „ქართული ოცნება“ ალტერნატიული ჯგუფის მიერ მომზადებული არცერთი ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს.