შეუთანხმებელი პოზიციები და ულტიმატუმი - შეთანხმება ქართულად

მასობრივი შიმშილობის და აქციების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესშიც ჩაერთო.

მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის საერთო ეროვნული შერიგებისკენ გზა პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე გადის. პარტიის სახელით საკუთარი ხედვა და წინადადებები სალომე ზურაბიშვილს დღეს პირადად გააცნო ხატია დეკანოიძემ.

პრეზიდენტი ინდივიდუალურად სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც შეხვდა. ვინ ვის ურიგდება, რაზე და რამდენად მისაღებია შერიგებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებული მთავარი პირობა დანარჩენი ოპოზიციისთვის – ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ დაწყებული პროცესის გარშემო ოპოზიციურ სპექტრში პოზიციები გაყოფილია. ეროვნული თანხმობის თუ შერიგების იდეა, მისი პირობები და ამ პროცესის შედეგიც მთავარ პოლიტიკურ აქტორებს სხვადასხვაგვარად ესახებათ, რაც დღევანდელი შეხვედრების შემდეგ გაკეთებული კომენტარებითაც დადასტურდა.