ისტორიული დღე და რთული მოლაპარაკებების წარმატებული პირველი ეტაპი – ახლო აღმოსავლეთში ორწლიანი ომის დასრულების პერსპექტივა გაჩნდა.
ისრაელი და „ჰამასი“ დონალდ ტრამპის მიერ მომზადებულ სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმდა. გეგმა ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ისრაელის მთავრობა დაამტკიცებს. სხდომა უახლოეს წუთებში უნდა დაიწყოს. შეთანხმების პირველი ფაზა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებას, ისრაელის ჯარების შეთანხმებულ ხაზზე გაყვანას და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლებას გულისხმობს. შეთანხმება ისრაელის ციხეებიდან ასეულობით პატიმრის გამოშვებას და ღაზის სექტორის მუდმივ ჰუმანიტარულ მომარაგებასაც გულისხმობს. შარმ ელ შეიჰში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლები აშშ, ეგვიპტე, ყატარი და თურქეთი იყვნენ. სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმებას მიესალმებიან ევროპის ქვეყნები, ახლა საერთაშორისო საზოგადოება გეგმის ყველა პუნქტის და პირობის შესრულებას ელოდება.