დედაქალაქის მოსახლეობას უახლოეს წლებში მეტროს 111 ახალი, თანამედროვე ვაგონი მოემსახურება.
თბილისის მერიაში მეტროს თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შპს „ჯითი გრუპის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შარკოვმა და „ჯი-თი გრუპის“ წარმომადგენელმა, თემურ უსტიაშვილმა მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების ფარგლებში, „ჯი-თი გრუპი“ მუნიციპალიტეტს სულ 25 მატარებელს, მათ შორის, 14 ერთეულ 4-ვაგონიან და 11 ერთეული 5-ვაგონიან მატარებლებს მიაწვდის. „ახმეტელის თეატრი – ვარკეთილის“ ხაზს დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლების ნაცვლად, 5-ვაგონიანი მატარებლები მოემსახურება, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მეტროში არსებულ ყველა ვაგონს, სხვადასხვა მოცულობის სარეაბილიტაციო სამუშაო ჩაუტარდა, თუმცა ზოგიერთ ვაგონს საექსპლუატაციო რესურსი ეწურება, შესაბამისად ისინი ახალი, თანამედროვე ვაგონებით ჩანაცვლდება.