მსოფლიო დღის წესრიგის თემაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საკითხი. ორივე მხარემ დაადასტურა, რომ მზად არის, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელზე მუშაობაც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2020 წელს ყარაბაღში დიდი რეგიონული ომის და მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ორი ქვეყანა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმებულია. ეს კი სამშვიდობო პროცესის არაერთხელ ჩიხში შესვლის გათვალისწინებით განსაკუთრებულ მიღწევად ფასდება.
დოკუმენტი რეგიონული მშვიდობის დამყარებას და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დარეგულირებას ისახავს მიზნად. ორივე მხარე დოკუმენტს ხელმოწერისთვის მზად აცხადებს, თუმცა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ რჩება პრობლემური საკითხები, რომლის გადაწყვეტას მხარეები საბოლოო მშვიდობის მისაღწევად აუცილებელ პირობად ასახელებენ.
ბაქოსა და ერევანს შორის დიპლომატიური ჩართულობის წარმატებას დადებითი შეფასება მოჰყვა საერთაშორისო ასპარეზზე.