შეტაკებები და მასობრივი არეულობა საფრანგეთში

15:09, 18.10.2026

დარბეული და დამწვარი ისტორიული შენობები, მაღაზიები და პოლიციის ავტომობილები – საფრანგეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. რამდენიმე ქალაქში დემონსტრაციები სამართალდამცველებთან მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაშავებულია 150 პოლიციელი. დაკავებულია ჯამში 1 200-ზე მეტი მომიტინგე. დაზიანებულია საჯარო შენობები.

მძიმე ვითარებას ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები ეხმაურებიან. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დემონსტრაციას ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა, პროფკავშირების ინფორმაციით კი – აქციაზე 800 000 ადამიანი იყო.

დემონსტრაციები პოლიციასთან დაპირისპირებაში რამდენიმე ქალაქში გადაიზარდა. პარიზში ნიღბიანმა ჯგუფებმა პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკა და სხვადასხვა საგნები ისროლეს. სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენეს. საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში აქციის მონაწილეებმა გაძარცვეს მაღაზიებიც, გადაწვეს მანქანები და ასევე დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა. პარიზის გარდა მწვავე დაპირისპირება იყო მარსელში, ტულუზაში, ლიონში და ბორდოში, თუმცა ყველაზე მძიმე სურათი ლიმოჟში იყო. აქ აქციის მონაწილეებმა პოლიციის ავტომობილი დაწვეს, მერიის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, შენობაში შეაღწიეს და ცეცხლი გააჩინეს. 1883 წელს გახსნილი შენობა დღეს თითქმის მთლიანად განადგურდა. შენობაში მერიის რამდენიმე თანამშრომელიც იმყოფებოდა, თუმცა ამ შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. სენტ-ეტიენში ყუმბარის აფეთქებისას ახალგაზრდა მამაკაცმა ხელი დაკარგა. ეს უკვე მეორე ასეთი შემთხვევაა მიმდინარე თვეში. საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ძალადობას პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა.

მსგავსი