შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ აბასთუმანში, დევნილთა ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მამა-შვილი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილი სამართალდამცველებმა იმ დროს დაჭრეს, როცა ოკუპირებული გალიდან გადმოდიოდა, სავარაუდოდ, მას დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდა. ასევე, დაჭრილია   ახალგაზრდა მამაკაცის მამა,  რომელიც შვილს საქართველოს მიერ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დახვდა. არსებული ინფორმაციით, ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციას, რის შემდეგაც მათი მისამართით გაისროლეს. დაჭრილი მამა-შვილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე  სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ნივთმტკიცებად ამოღებულია უაქციზო სიგარეტი.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება. მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია.