შემთხვევა ყაზბეგში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონიტორინგის ცენტრი საგამოძიებო ორგანოს ყაზბეგის მერით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

საუბარია 25 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მტკიცებით, პირველი ჯგუფის ინვალიდს, ომაზ კოჭლამაზაშვილს თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ მისი წინაპრების სასაფლაოზე და დააზიანეს საფლავი. ოჯახის ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი ის მიწის ნაკვეთი გახდა, რაც კოჭლამაზაშვილების ოჯახს სასაფლაოს მიმდებარედ გააჩნია. ოჯახის ინფორმაციით, თავდასხმის ორგანიზატორი იყო ყაზბეგის მერი ალეკო ზაგაშვილი, რომელიც უკანონო გზით 1400 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდებას ცდილობს. კოჭლამაზაშვილების ინფორმაციით, მიწის ნაკვეთი ოჯახს მემკვიდრეობით აქვს მიღებული. თავდასხმასთან დაკავშირებით ამ დროისათვის გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა თავდასხმაში ბრალდებული პირი დაკავებული არ არის.

ოჯახის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ყაზბეგის მერი, რომელიც ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. ალეკო ზაგაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება დისკრედიტაციას და ოჯახს საკითხის სამართლებრივი გადაწყვეტისკენ მოუწოდებს.