საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. გამოძიების ინფორმაციით, 20 მაისს, ბრალდებული, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა შლაგბაუმი, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. ავტომანქანის დაზიანების შემდგომ, იგი ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა, ძალადობის მუქარით გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ბრალდებულის ქმედების შედეგად, დაზარალებულებს 9 350 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ. სასჯელი 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა.