შემთხვევა მცხეთის საავადმყოფოში

ბურუსით არის მოცული 35 წლის ქალის გარდაცვალების საქმე.

მცხეთის საავადმყოფოში მომხდარი ფაქტი, გამოძიების საგანი ხდება. პაციენტი ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდგომი გართულებებით, კლინიკაში 13 ივლისს შეიყვანეს, დღეს კი ის თავის არეში მიღებული მძიმე ტრავმით გარდაიცვალა.

ახლობლებისთვის ამ დრომდე პასუხგაუცემელია შეკითხვა, – რა ვითარებაში მიიღო მადონა სუთიძემ თავსა და სახის არეში დაზიანებები. ეჭვებს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ ოჯახმა პაციენტის დაზიანებებზე ინფორმაცია შემთხვევით მიიღო. გარდაცვლილის ახლობლები ექიმებს უჩივიან, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა კი მომხდარს უბედურ შემთხვევად აფასებს.

სამართალდამცავი უწყების გარდა, ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტოც სწავლობს.