შემთხვევა ასპინძაში

ყირიმ-კონგოს ცხელების შედეგად, ასპინძაში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, ყირიმ-კონგოს სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, მამაკაცმა თავდაპირველად ახალციხის „იმედის“ კლინიკას მიმართა. სავარაუდო დიაგნოზით, პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა რამდენიმე დღიანი მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცენტრში განმარტავენ, რომ შესაძლებელია დაავადება ოჯახის წევრებსაც ჰქონდეთ, ამიტომ გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფ ნებისმიერ პირზე, მათ შორის ოჯახის წევრებსა და სამედიცინო პერსონალზე, დაკვირვებას აწარმოებენ.

ყირიმ-კონგოს გავრცელების მხრივ, სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი სახიფათო ზონაა. ასპინძის ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მომხდარი, მიმდინარე წელს ადამიანებში დაავადების გამოვლენის პირველი შემთხვევაა, რომელიც სიკვდილით დასრულდა. გასულ წელს კი ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ყველა მათგანზე ჩატარდა დროული მკურნალობა. ოთხივე შემთხვევაში პაციენტები გამოჯანმრთელდნენ.