შემთხვევა აბუ დაბიში - შეფასებები

მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი დეპუტატ ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძეს მასზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება აბუ დაბიში მომხდარ შემთხვევას. სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც მოქალაქესა და დეპუტატ ზარქუას შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩანს. უკვე დღეს ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ იმავე სასტუმროს სასადილოში ზარქუა უახლოვდება მოქალაქეს, რომელიც მეუღლესთან ერთად იმყოფება მაგიდასთან, ზარქუას ხელში უჭირავს თეფში, მიმართავს პირს შეურაცხმყოფელი სიტყვებით, მისი სახის მიმართულებით იქნევს თეფშს და ვიქტორ სანიკიძესთან ერთად თავს ესხმის ლაშა გაბიტაშვილს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს ხელჩართული ჩხუბი, რომელშიც ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და კიდევ ერთი პირი მონაწილეობენ და უსწორდებიან ლაშა გაბიტაშვილს. მომხდარის შემდეგ განვითარებული პროცესების შესახებ ოფიციალური რაიმე ცნობა არ გავრცელებულა. გაბიტაშვილის მეგობრის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით კი გაბიტაშვილმა მიმართა სამართალდამცავებს და ითხოვს სამართლებრივ რეაგირებას. მისივე ცნობით დაკავებულია ერთი პირი, თუმცა მისი ვინაობა არ კონკრეტდება.