შემაჯამებელი შეხვედრა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან მიმდინარე წლის შემაჯამებელი სამუშაო თათბირი ჩაატარა. სამხარეო პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა მინისტრს რეგიონებში განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების, დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებული ვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ვახტანგ გომელაურმა თითოეული პოლიციის დეპარტამენტის მიერ მთელი წლის განმავლობაში გახსნილი დანაშაულების გახსნის მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობის კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, მიმდინარე წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტექნიკური აღჭურვილობის განახლებაზე, ასევე, დანაშაულთან ბრძოლის შედეგებსა და საზოგადოების უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.