შემაჯამებელი ბრიფინგი ზუგდიდის საოლქო კომისიაში

ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობდა თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელი სხდომა ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. სხდომაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. მათ შორის, ისინი კომისიას უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მეთერთმეტე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით ისაუბრეს, რის შემდეგაც, გამარჯვებული კანდიდატი შეიცვალა. თავის მხრივ, ოლქის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა ამ თემის კომენტირებისას თქვა, რომ კომისია კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებდა. მისი თქმით, ოპოზიციას შეუძლია, საკითხზე სამართლებრივად იდავოს. ამასთან, მირანდა მესხმა დღეს განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ინვენტარის დაზიანებისა და სამუშაო პროცესისთვის ხელის შეშლის ფაქტზე სამართალდამცავებს მიმართავს.

რაც შეეხება შედეგებს, საბოლოო მონაცემებით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები იბრძოლებენ; ასევე, მეორე ტურია მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში. აქაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები იბრძოლებენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ 19 მანდატი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 22, პარტია „საქართველოსთვის“ კი სამი მანდატი.

დატოვე კომენტარი