შეკვეთილი მკვლელობის აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს – დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება დაკავებულთან და კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენისა და მათ მიერ ჩადენილი სხვა შესაძლო დანაშაულების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს. მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ელმურაზ მამედოვის წინააღმდეგ გამოძიება არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. მამედოვს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სხვადასხვა საქმეზე, დაუსწრებლად უკვე წარედგინა არაერთი ბრალი, მათ შორის მიმდინარე წლის ზაფხულში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისათვის. მამედოვზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა არის გამოცხადებული. ის ამჟამად საზღვარგარეთ, მიმალვაში იმყოფება.