შეხვედრები მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთობებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მონტენეგროს პრეზიდენტი ჩამოვა.

მილო დუკანოვიჩმა მამუკა ბახტაძის მოწვევა დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. მიუნხენში ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ხორვატიისა და ლიხტენშტეინის წარმომადგენლებთან. ლიხტენშტეინის საგარეო საქმეთა, კულტურისა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები მიმოიხილეს. დავით ზალკალიანმა კოლეგა საქართველოში მოიწვია.

შეხვედრა გაიმართა ასევე ხორვატიის ვიცე-პრემიერთან. თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებად დასახელდა ვაჭრობა და ეკონომიკა, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტები. დადებითად შეფასდა მხარეებს შორის იუსტიციის სფეროში არსებული თანამშრომლობა. დავით ზალკალიანმა შეხვედრები მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართა.