„უკრაინა მზად არის, ცეცხლი უპირობოდ შეწყვიტოს, ახლა პრეზიდენტს პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ „X“-ში, ზელენსკისთან რომში გამართული შეხვედრის შემდეგ დაწერა. მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინელ კოლეგასთან პოზიტიური საუბარი ჰქონდა. მაკრონის თქმით, უკრაინაში ომის დასრულება არის მიზანი, რომელსაც საფრანგეთი იზიარებს პრეზიდენტ ტრამპთან, ზელენსკი კი – ამ მიზნის შესასრულებლად, მზადაა და სურს ამერიკელებთან და ევროპელებთან იმუშაოს. რომში ასევე გაიმართა ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროკომისიიას პრეზიდენტის შეხვედრა. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, შეხვედრისას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის ნაბიჯები განიხილეს. მისივე თქმით, ზელენსკის შეუძლია ჰქონდეს ევროპის იმედი სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან. მოგვიანებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას განიხილა ნაბიჯები, რომლებიც დაეხმარება უკრაინელების სიცოცხლის დაცვაში, უსაფრთხოების დაბრუნებაში და ცეცხლის უპირობო შეწყვეტის მოახლოებაში.