თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი და სხვ. აღინიშნა, რომ თურქეთი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი და რეგულარულად მოწინავე ინვესტორია. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ დონეზე. ასევე, საქართველო და თურქეთი აქტიურადაა ჩართულია ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო დერეფნების განვითარების არაერთ ინიციატივაში, მათ შორისაა ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი – შუა დერეფანი, რომელიც სულ უფრო მეტად იძენს აქტუალობას რეგიონალური კავშირების გაღრმავების, გლობალური ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. მარიამ ქვრივიშვილმა თურქ კოლეგას საქართველოს მთავრობის ხედვა გააცნო, ქვეყნის სატრანსპორტო ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კონკრეტული პროექტების მიმდინარეობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარებას. მათ შორისაა, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზა და სხვ.