შეხვედრა თურქეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებთან

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან. შეხვედრებზე თავდაცვის სფეროში ორმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. თურქ კოლეგასთან შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები წარმოადგენდა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამ ფონზე, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე კი, ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვაშინგტონში ხელმოწერილ ერთობლივი დეკლარაციის ისტორიულ მნიშვნელობაზე, რაც მისი განმარტებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში.

საუბარი შეეხო მრავალეროვნულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში, ასევე სამხედრო განათლების კუთხით დაგეგმილ კურსებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობას.