შეხვედრა სტუდენტებთან

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ და პარლამენტის წევრმა, ნინო გოგუაძემ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიმდინარეობის პროცესი გააცნეს.

ლევან სურგულაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საპენსიო სააგენტოში გახსნილია 555 ათასზე მეტი პერსონალური ანგარიში, საპენსიო თანხა შეტანილი აქვს 43 ათასზე მეტ კომპანიას და ჯამში საპენსიო ფონდში დანაზოგის სახით 84 მილიონზე მეტი ლარია, რაც ლევან სურგულაძის თქმით, არის მოქალაქის ხელუხლებელი საკუთრება.

საპენსიო რეფორმა ქვეყანაში პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ყოველ თვე დასაქმებული საპენსიო ფონდში დარიცხული ხელფასის 2 პროცენტს რიცხავს, 2 პროცენტს დამსაქმებელი ამატებს, 2 პროცენტს კი სახელმწიფო. ლევან სურგულაძის თქმით, საპენსიო შენატანები ექვემდებარება ინვესტირებას და შესაბამისად, მას კიდევ დაერიცხება სარგებელი.