შეხვედრა საპატრიარქოში

საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიის შემუშავების საკითხზე მეორე შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში სათამაშო ბიზნესის მაქსიმალურ და დაუყოვნებლივ რეგულირებასა და მოზარდებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე გაამახვილეს ყურადღება. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ქვეყანაში აზარტული თამაშებს შედეგად სულ მცირე 400 000 ოჯახია დაზარალებული.

შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოების წარმომადგენლები, მასმედია, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე.

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ  აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო.

„მრგვალი მაგიდის ფორმატში საპატრიარქოში გაიმართა რიგით მეორე შეხვედრა, რომელიც აზარტული თამაშების შედეგების პრობლემას ეხება. მრავალმხრივ განვიხილეთ ეს პრობლემა. პრობლემა არის მრავალმხრივ მოსაგვარებელი, კომპლექსური მიდგომაა საჭირო, გვაქვს ძალიან ცუდი სტატისტიკა და თუ დროზე არ შევაჩერეთ ეს მონსტრი ბიზნესი, უახლოეს მომავალში მძიმე შედეგები გველოდება. გამოსავალთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ინიციატივა ითქვა, უმთავრესად ეს ეხება საერთაშორისო გამოცდილების ქართულ რეალობაზე მორგებას.

სულ ცოტა ხნის წინ ევროსაბჭოს ჰქონდა წარმოდგენილი ახალგაზრდების განვითარების პროგრამა, რომელიც შეიძლება ძალიან იოლად მოერგოს ქართული რეალობას. ამის გარდა, გამზადებულია კანონპროექტი, რომელიც ერთი წლის წინ იყო უკვე საბოლოოდ დახვეწილი და შეთანხმებულ. ველოდებით ამ კანონპროექტის კანონად ქცევას. აღარ ითმენს დრო, ძალიან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათ შორის, სუიციდის მიმართულებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დატოვე კომენტარი