შეხვედრა საჯარო რეესტრში

12:25, 04.09.2026

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის, ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრებს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. ქართულმა მხარემ იაპონიის დელეგაციის წევრებს, იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი სფეროები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამართლის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იუსტიციის სახლების მეშვეობით ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელია. საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად, ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს 127 იუსტიციის სახლი და 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება. საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით მომსახურების მიღება შესაძლებელია პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედ იუსტიციის სახლებშიც. ყურადღება გამახვილდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც ქვეყნის მასშტაბით საჯარო სერვისებზე უნივერსალურ და თანაბარ წვდომას უზრუნველყოფს. სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მიწის სისტემური რეგისტრაციის ფართომასშტაბურ პროექტზე და სხვა სერვისებზე.

მსგავსი