შეხვედრა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

საარჩევნო საკითხებზე იმსჯელეს ბათუმში, სადაც მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, ცვლილებები კანონმდებლობაში, სიახლეები საარჩევნო უბნების საზღვრებთან დაკავშირებით, ტექნოლოგიების გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტები, ასევე საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა.

სიახლეების შესახებ დეტალურად ისაუბრა ცესკო-ს თავმჯდომარემ. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს თავად გააცნო ის საარჩევნო ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებითაც მომავალი არჩევნების ჩატარება იგეგმება. მოსამართლეებმა იმიტირებულ კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. სამუშაო შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით მართავს.