საქართველოს პირველი ლედი ნომერ მეხუთე ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა, სადაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით შექმნილ სივრცეებს გაეცნო. მოინახულა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული განახლებული სამკერვალო სივრცე. სამკერვალოში დასაქმებულ მსჯავრდებულებს მიეწოდათ შესაბამისი მასალები და ქსოვილები, რომელთა გამოყენებით, შესაძლებლობა ექნებათ შექმნან სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სადღესასწაულო სამოსი. პირველი ლედის ინიციატივით, №5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიგეგმა კერვის, ხელსაქმის და სხვა მასტერკლასები. აღნიშნული ქსოვილებით მსჯავრდებული ქალები ჯგუფი „კახაბერი და ხანუმების“ სასცენო სამოსს შეკერავენ. სტუმრობის დასასრულს, მსჯავრდებულებისა და ჯგუფი „კახაბერი და ხანუმების“ კონცერტიც გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საქართველოს პირველი ლედი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.