საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესა და დელეგაციის წევრებს უმასპინძლა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობების შესახებ და განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას და მზად არის, განაგრძოს ამ პროცესში წვლილის შეტანა. შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივ თანამშრომლობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.