შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

განხილვის თემა საკანონმდებლო ინიციატივაა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვლებიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების შრომით უფლებებს.

საია მზად არის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში დაიცვას.

უარყოფითად აფასებს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას IDFI-იც. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ის საფრთხის წინაშე აყენებს საჯარო მმართველობის რეფორმას და ავტორებს მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.