შეხვედრა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე

ხმაურიანი სხდომის მეორე ნაწილს აღარ დასწრებია პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა დეპუტატების პროტესტის გამო მას დარბაზში რამდენიმე წუთით დაბრუნება მოუხდა.

მიზეზი სასამართლოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი სადავო საკითხია. საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად საჭირო კრიტერიუმებისა და პროცედურების გაწერაზე, რისთვისაც ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფია შექმნილი.

კრიტერიუმებზე სამსჯელოდ კობახიძე დღეს იუსტიციის საბჭოს წევრებს, უფლებადამცველებს და დიპლომატებს შეხვდა. თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინასწარ ვერსიას მწვავედ აკრიტიკებენ.

ანალოგიური პოზიცია აქვს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასაც, რომლებმაც დღეს დიპლომატიურ კორპუსს წერილობით მიმართეს და შექმნილ ვითარებაში გამოსავლად იუსტიციის საბჭოს რეფორმა და სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გარკვეული ჯგუფის წასვლა დაასახელეს.