შეხვედრა მედიაორგანიზაციებთან

დაძლევს თუ არა პარლამენტი მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს: გადაწყვეტილების მიღებამდე, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ იმ მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუსმინა, რომლებიც ვეტოს გაზიარების მომხრეები არიან. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკეს ვეტოდადებული კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის ეთერში კომერციული რეკლამის შეზღუდული დროით განთავსებას ეხება. თუმცა დღეს დასახელებული არგუმენტები გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა, ისევე როგორც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც ირაკლი კობახიძის აზრით, არგუმენტებს მოკლებულია.

პარლამენტის თავმჯდომარე მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დამატებით არგუმენტაციას ელოდება და დაანონსებულ დისკუსიაში ჩართვას პირველი არხის მენეჯმენტსაც სთავაზობს.