შეხვედრა ლაფანყურის მოსახლეობასთან

ლაფანყურის მოსახლეობასთან გამართული სამსაათიანი მსჯელობა, რომელიც მდინარე ლოპოტაზე ჰესის აშენებას ეხებოდა, კონკრეტული შედეგით დასრულდა.

სამშენებლო კომპანიამ დამატებითი დოკუმენტაცია გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა წარუდგინოს, მათ შორის ჰესის მშენებლობის შემთხვევაში შესაძლო რისკებისა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ. მონაცემებს კი  გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია და კერძო ექსპერტი შეისწავლიან. აღნიშნული ინფორმაციის გაცვლის შემდეგ ჩაინიშნება მორიგი შეხვედრა .

„ლოპოტა 1“ ჰესის აშენებას სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრში, შპს „ართანა ლოპოტა“ აპირებს. ჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მდინარე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მილებში მოექცევა, რაც ლოპოტის ხეობის გაუდაბნოებას გამოიწვევს. ადგილობრივების ინფორმაციით, ჰესის მშენებლობის შემთხვევაში,  განადგურების საფრთხე დაემუქრება წითელ ნუსხაში შეტანილ ფლორას და ფაუნას.

თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლებმა ეკოლოგიური საფრთხეები გამორიცხეს და განმარტეს, რომ ჰესის მშმენებლობა გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას მოახდენს.