შეხვედრა განათლების სამინისტროში
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა იმ მშობლებს და მასწავლებლებს შეხვდა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ავარიულობის გამო, სკოლის დახურვას და სწავლის პროცესის შეწყვეტას აპროტესტებდნენ. შეხვედრაზე თამარ მახარაშვილმა დეტალურად განიხილა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის ყველა შესაძლო ალტერნატივა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრომ წერილით მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სადაც შემჭიდროებულ ვადებშია მოთხოვნილი სკოლის შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასება. შეხვედრაზე განიხილეს მოსწავლეების ალტერნატიულ სასწავლო სივრცეში გადაყვანის საკითხიც. თამარ მახარაშვილის თქმით, ყოფილი გერმანული სკოლის მშობლებს და მასწავლებლებს სამინისტრომ დროებით სხვა საჯარო სკოლის შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა. ამასთან, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას შესაბამისი ფართის მოძიების მიმართულებითაც. როგორც ცნობილია, მომავალი კვირის ბოლოს გაიმართება კიდევ ერთი გაფართოებული შეხვედრა, სადაც კონკრეტულ საკითხებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.