ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში გამოჩენილი ქალი სპორტსმენებისა და თბილისის სკოლების სპორტული აქტივობებით დაკავებული გოგო მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ცნობადობის გაზრდა ახალგაზრდებში და პროფესიული გამოცდილების გაზიარება. სხვადასხვა სპორტის სახეობებში მონაწილე და სპორტული სკოლების მოსწავლეები, ოლიმპიური თამაშების რეკორდსმენ სპორტსმენს, ნინო სალუქვაძეს და საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტულის მფლობელს, ირმა ხეცურიანს შეხვდნენ. სპორტში აქტიურად ჩართულმა გოგონებმა, უშუალოდ სპორტსმენებისგან მოისმინეს თუ რა ძალისხმევა და მონდომებაა საჭირო, რათა ამ სფეროში საბოლოო მიზანს მიაღწიონ. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ინიციატივით გაიმართა.