საქართველოს პრემიერი გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას. ხაზი გაესვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკას. აღინიშნა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მნიშვნელობა დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად.