პოლონელ და ლიეტუველ ევროპარლამენტარებთან ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრაზე განიხილებოდა აშშ-ის სანქციების შემდეგ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროკავშირის მხრიდან, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ კურსს. მათი განცხადებით, ევროპარლამენტარებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ და როდესაც ისინი დაასრულებენ საქართველოში ვიზიტს, გაირკვევა, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ევროპარლამენტი.
დღესვე ევროპარლამენტის წევრებმა შეხვედრა გამართეს არასამთავრობო სექტორთან. საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, აქციებს, ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს და იმას, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხის გასაგრძელებლად. ევროპარლამენტის წევრებმა ასევე შეხვედრა გამართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.