შეხვედრა ერგნეთში

საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები იყო მთავარი განხილვის საკითხი დღეს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. ამ დროისთვის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება. ცენტრალური ხელისუფლების მთავარი მოთხოვნა მათი უპირობო გათავისუფლებაა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გამყოფ ხაზთან მომხდარი ინციდენტები, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები. წინა შეხვედრიდან დღემდე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადგილი ჰქონდა ე.წ ბორდერიზაციის 11 ფაქტს ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში, სადაც რუსმა სამხედროებმა რკინის ძელები და მავთულხლართები განაახლეს, ასევე მოხდა ე.წ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გაკეთება. შეხვედრაზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 29 სექტემბერს გაიმართება.