შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან – ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე. თეა ახვლედიანმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება. ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები.