საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მათ შორის, ფრენების სიხშირის გაზრდისა და ახალი ავიამიმართულებების დამატების შესაძლებლობები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2024 წელს ორ ქვეყანას შორის საჰაერო გზით გადაყვანილ იქნა 57,184 მგზავრი, რაც 2023 წელთან შედარებით 45%-იან ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებს, საქართველოსა და ჩინეთს შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 29,212 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 91%-ით მეტია. ამჟამად, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს ახორციელებენ China Southern Airlines-ი და Air China – ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე. ჯამში, სამგზავრო ფრენები კვირაში 10-ჯერ ხორციელდება. ქვეყნები ასევე თანამშრომლობენ სატვირთო ავიაგადაზიდვების სფეროშიც.