ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ფარგლებში, ხვალ ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიას შორის პირველი ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. საკითხთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება თბილისში. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ქმედებების გამო, ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს და ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური მოთხოვნების ნაცვლად, პოლიტიკური წინაპირობები წამოაყენეს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს. მათი აზრით, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას, საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად იყენებს და საქართველოსგან რუსეთზე სანქციების დაწესებას მოითხოვს, რაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. მათი თქმით, ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს დააზიანებს.