შეხვედრა ბრიუსელში - განცხადებები

რა პოზიციით წარდგა საქართველო ბრიუსელში სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე – ამის შესახებ განმარტება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. მსჯელობა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და  ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო გამონაკლისის დროებითი შეჩერების შესახებ, ევროკომისიის 2026 წლის 6 მარტის აღმასრულებელ რეგულაციას შეეხო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ანგარიშს, რომელიც ტენდენციურად აფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას, რაც თავისთავად არ იძლევა სათანადო და ობიექტური დასკვნების გაკეთების  შესაძლებლობას.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა. საქართველოს საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ  შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის, გაერთიანების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თანასწორობის დაცვას. შეხვედრის შესახებ ვრცელი კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა, საკითხს გამოეხმაურა პრემიერიც.