შეხვედრა აზერბაიჯანულენოვან ახალგაზრდებთან
საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა, მომზადებული მედიაპროდუქტები და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა – ამ საკითხებზე საქართველოს პირველი არხის ჯგუფ „მრავალფეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანულენოვან ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს. მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის გაცნობა და იმ მედიაპროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება იყო, რომლებსაც პირველი არხი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის ამზადებს.
„მრავალფეროვანი საქართველოს“ ჯგუფის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა, აზერბაიჯანულ ენაზე მომზადებული მედიაპროდუქტები და ის პლატფორმები გააცნო, რომელთა საშუალებითაც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციას იღებს. შეხვედრას ქვემო ქართლის რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებიც თბილისში, „აქტუალ მედია სკოლაში” ჟურნალისტიკის კურსს გადიან.