შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 

სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ტერიტორიებზე ახალი ცხელი წერტილები ჩნდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიბომბა ქალაქი განჯა, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება ქალაქი სტეპანაკერტი. ოფიციალური ერევანი და ბაქო ერთმანეთს უკვე სარაკეტო თავდასხმებში ადანაშაულებენ. ორივე მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად საკუთარი პირობა აქვს, რის გამოც სიტუაცია ჩიხშია შესული და ცეცხლის შეწყვეტის ყველა მცდელობა უშედეგოა. მთიანი ყარაბაღის მრავალწლიანი კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება თურქეთში ჩასული ნატო-ს გენერალური მდივნის დღის წესრიგის მთავარი თემაა. თავის მხრივ ანკარა მხარდაჭერას აძლიერებს ბაქოს მიმართ და ტონს ამწვავებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფისადმი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე მუშაობს.

ცეცხლის შეწყვეტისკენ უშედეგო მოწოდებების შემდეგ, საფრანგეთი, ამერიკა და რუსეთი  სამხედრო კონფლიქტის შესაჩერებლად უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზეც საუბრობენ. დაპირისპირებული მხარეები კი ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავენ, თუ მოწინააღმდეგე ქვეყანა კონფლიქტის ზონიდან ჯარს გაიყვანს. ამ ფონზე, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას ე.წ. რესპუბლიკის აღიარების თხოვნით მიმართავს.