შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან სროლა კვლავ განახლდა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოვუზის რაიონში აზერბაიჯანის სოფელ აგდამისა და ალიბეილის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი დილიდან ისევ გახსნეს. საბრძოლო მოქმედებებს გენერალ-მაიორი პოლად გაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზოევი ემსხვერპლნენ. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, გარდაიცვალა ერთი მშვიდობიანი მოქალაქეც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც, რომლის ინფორმაციით საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოწინააღმდეგის მიერ გახსნილ ცეცხლს სომხეთის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – მაიორი გარუშ ამბარცუმიანი და კაპიტანი სოს ელბაქიანი ემსხვერპლნენ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც მათი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ანადგურებენ აზერბაიჯანის საგუშაგოებს, რომლებიდანაც მათი თქმით, თავუშის ოლქის სასაზღვრო დასახლებული პუნქტების მისამართით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს გამწვავდა.