შეიარაღებული ამბოხება სუდანში - ჯოზეფ ბორელის განცხადება

სუდანში თავს დაესხნენ ევროკავშირის ელჩს. ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. ელჩზე თავდასხმა მის რეზიდენციაში მოხდა. ჯოზეფ ბორელი პასუხისმგებლობას დიპლომატიური დაწესებულებების და პერსონალის უსაფრთხოებაზე სუდანის ხელისუფლებას აკისრებს. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დიპლომატი აიდან ოჰარა სერიოზულად არ დაშავებულა. ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, ხართუმიდან ევროკავშირის დელეგაციის ევაკუაცია არ მომხდარა. სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. ხართუმში საჰაერო დარტყმები ხორციელდება, მხარეები მძიმე შეიარაღებას იყენებენ. გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში სუდანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გმობს და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, მშვიდობის აღდგენისა და კრიზისის დასარეგულირებლად დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.