შეფასების დოკუმენტი

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების კუთხით არსებულ მდგომარეობას, „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 8 საზოგადოებრივი ორგანიზაცია აფასებს. მათ შეფასების დოკუმენტი – „სტატუსმეტრი“ მოამზადეს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს. სტატუსმეტრის პრეზენტაციას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პოლიტიკური ჯგუფების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა. მათი თქმით, პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 31 მარტიდან 30 აპრილამდე საგრძნობი პროგრესი არ შეიმჩნევა.